» » დავიდ ვილას ისტორია ნაწილი II: პირველი გუნდი, წარმოუდგენელი სატრანსფერო თანხა და ახდენილი ოცნება

დავიდ ვილას ისტორია ნაწილი II: პირველი გუნდი, წარმოუდგენელი სატრანსფერო თანხა და ახდენილი ოცნება

Sport365.ge გთავაზობთ დავიდ ვილას ისტორიის გაგრძელებას. როგორც იცით, გუშინ აღნიშნული ისტორიის პირველი ნაწილი შემოგთავაზეთ, რომელიც ქვემოთ მოცემულ ლინკზე შეგიძლიათ იხილოთ.
▶ დავიდ ვილიას ისტორია: მენახშირე მამა, კოჭლად დარჩენის საშიშროება და ავსტოსადგომზე დაწყებული საფეხბურთო კარიერა
ჩემი პირველი კლუბი "ლანგრეო" იყო, რომელიც ასტრიის რეგიონში "ხიხონისა" და "ოვიედოს" შემდეგ მესამე გუნდი იყო. მამაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა, რომ მე სხვას არ ვგავდი და უფრო ძლიერი ვიყავი.
სიმართლე გითხრათ, მე ამას ვერ ვხვდებოდი და ვფიქრობდი, რომ ის ამას იმიტომ ფიქრობდა, რომ მისი შვილი ვიყავი. 16 წლის ასაკში უბრალოდ მინდოდა, რომ ფეხბურთით სიამოვნება მიმეღო.
ჩემი ინტელექტი და განვითარება მას შემდეგ შეიცვალა, როდესაც ხიხონის "სპორტინგში" გადავბარგდი. გავაანალიზე, რომ მოვხვდი კლუბში, სადაც შემეძლო პროფესიონალად ჩამოვყალიბებულიყავი. მათ მალევე თავის მეორე გუნდში მიხმეს.
ეს ჩემთვის ოცნება იყო, რადგან ისინი ესპანეთის მე-3 დივიზიონში თამაშობდნენ. მხოლოდ ერთი პრობლემა ის იყო, რომ ვარჯიში ყოველთვის დილით იყო, რა დროსაც მე სკოლაში უნდა მევლო. ორივეს გაკეთება ნამდვილად არ შემეძლო, ამიტომ გადაწყვეტილება უნდა მიმეღო.
მინდოდა, რომ ფეხბურთელი გავმხდარიყავი და ვიცოდი ამაში მამაჩემის მხარდაჭერა მექნებოდა, მაგრამ დედაჩემი უარზე იყო და მას უნდოდა სწავლა გამეგრძელებინა. დედაჩემთან მივედი და ვუთხარი:
"დედა, 2-3 წლის განმავლობაში შევეცდები ფეხბურთელი გავხდე. თუ არაფერი გამომივიდა, გპირდები, სკოლაში დავბრუნდები და განათლებას მივიღებ".
6 თვის შემდეგ ჩემი პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გავაფორმე. იმ დღეს, როდესაც ეს მოხდა, ჩემს წარმოამდგენელთან ერთად "სპორტინგის" ოფისში ვიყავი. ის არ საუბრობდა ფულზე, მაგრამ ისეთი აღელვებული ვიყავი, ეს არც მადარდებდა. ხელს ნებისმიერ კონტრაქტზე მოვაწერდი.
არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მეორე გუნდის თამაშებზე მხოლოდ ფეხბურთელების ოჯახის წევრები და ნათესავები დადიან, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. როდესაც "სპორტინგის" მე-2 გუნდში ჩემი დებიუტი შედგა სტადიონი სავსე იყო და მატჩს 3000 ადამიანი ისწრებოდა.
ასევე იყვნენ პრესისა და მედიის წარმომადგენლებიც. მაშინ პირველად ვიგრძენი თუ რას ნიშნავს და რამხელა ზეწოლაა იყო ფეხბურთელი. იცით რამხელა ზეწოლაა? გამოდიხარ და შენს თამაშს მედია და ტელევიზია აფასებს. მე 18 წლამდე თვითვმფრინავითაც კი არ მქონდა ნამგზავრი. ვიგრძენი, რომ მოუმზადებელი ვიყავი.
როდესაც "სპორტინგის" პირველ გუნდში გადავედი, რომელიც მეორე დივიზიონში გამოდიოდა, ჩემი თამაშის სანახავად მთელი ჩემი ოჯახი მოდიოდა. ყველაფერი 2003 წელს შეიცვალა, როდესაც "სარაგოსაში" გადავედი. ორი კვირის შემდეგ ჩემს მეგობარ გოგონა პატრისიაზე დავქორწინდი, რომელიც სკოლიდან მოყოლებული მიყვარდა.
ჩვენ ერთად უკვე 21 წელია ვართ. ჩვენ ახალ ქალაქში გადავედით, რომელიც აღმოსავლეთ ხიხონიდან ხუთი საათის სავალზე იყო. დამიჯერეთ, ეს ძალიან ძნელი იყო. მშობლებისგან მოშორებით ჩვენ არასდროს გვიცხოვრია.
"სარაგოსა" საკმაოდ კარგ გასამრჯელოს მაძლევდა და ძალიან მიხაროდა, რომ ამ ფულით ჩემსა და პატრისიას ოჯახს ვეხმარებოდი. ყველაფერი ძალიან სწრაფად შეიცვალა... "ხიხონიდან" წავედი და უცბად რონალდინიოს, რობერტო კარლოსისა და ზინედინ ზიდანის წინააღმდეგ ვთამაშობდი.
ბევრ ჟურნალისტს ჩემი არ სჯეროდა, მაგრამ მწვრთნელი პაკო ფლორესი გვერდში დამიდგა და მეც გოლების გატანა დავიწყე. სეზონის დასრულების შემდეგ 17 გოლით გუნდის ბომბარდირი გავხდი. ერთ დღესაც ჩემი წარმომადგენელი მოვიდა და მითხრა:
"თუ ასე გააგრძელებ, უკეთესი გუნდი მოვა და გამოსასყიდ თანხას გადაიხდის". გამოსასყიდი თანხა? მე არც კი ვიცოდი ის რაზე საუბრობდა. უბრალოდ ვიცოდი, რომ კონტრაქტი მქონდა და ფულს გამოვიმუშავებდი. ასე რომ მას ვკითხე, თუ რაზე საუბრობდა.
"12 მილიონი ევრო", - მიპასუხა მან.
"რაა?", - შევხედე გაოცებულმა, მაგრამ მივხვდი, რომ ის არ ხუმრობდა. ვფიქრობდი, რომ ამ თანხას არავინ გადაიხდიდა და ეს არარეალური იყო.
მეგონა, რომ ამ ფულად არ ვღირდი, მაგრამ ორი წლის შემდეგ ეს თანხა "ვალენსიამ" გადაიხადა... ყველაფერი ძალიან მალე შეიცვალა. არასდროს დამავიწყდება 2005 წლის თებერვალი. ჩემს გარშემო ვარჯიშის დასრულების შემდეგ ხალხი შეიკრიბა და სიმართლე გითხრათ, ვერ მივხვდი თუ რა ხდებოდა. ჩემთან "სარაგოსას" დირექტორი მოვიდა და მითხრა:
"გილოცავ, შენ ესპანეთის ნაკრებში გამოგიძახეს"!.
ეს წარმოუდგენელი იყო. ბავშვობაში ჩემი საყვარელი გუნდები "ხიხონი" და "ბარსელონა" იყო, მაგრამ ყოველთვის ესპანეთის ნაკრების ფორმით ვვარჯიშობდი, რომელსაც არც ნომერი და არც სახელი არ ეწერა. ესპანეთის ნაკრებში გამოძახება ფანტაზიაშიც კი არ წარმომედგინა.
ვიცოდი, რომ საკმაოდ ბევრ გოლს ვიტანდი და პრესაც ჩემზე წერდა, მაგრამ ეს უდიდესი ოცნების ახდენა იყო. ესპანეთის ნაკრებში ჩემი დებიუტი 2005 წლის 9 თებერვალს ალმერიაში შედგა, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში სან მარინოს ვეთამაშებოდით.
მწვრთნელი ლუის არაგონესი იყო, რომელიც ძალიან დამეხმარა. ჩვენ ყველას ის ყოველთვის გვემახსოვრება. ის პირველ ვარჯიშზე ჩემთან მოვიდა და მითხრა:
"ისე ითამაშე, როგორც ამას "სარაგოსაში" აკეთებ. სწორედ ამიტომ დაგიძახე და ამიტომ ხარ აქ".
თამაში სათადარიგოთა შორის დავიწყე და იმედო მქონდა, რომ შეცვლაზე შევიდოდი. პირველი ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ფიტნესის მწვრთნელმა მითხრა, რომ გავხურებულიყავი. პირველი ნახევრის დასრულების შემდეგ ლუისმა ხელი ჩამავლო და მითხრა:
"გახურდი, რადგან მეორე ტაიმის დასაწყისში მოედანზე შეხვალ".
წარმოგიდგენიათ? ცხოვრებაში გახურების დროს ამაზე კარგად თავი არასდროს მიგრძვნია.
ძალიან კარგად მახსოვს, როდესაც ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშობდა. 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში მაურო ტასოტიმ ლუის ენრიკეს ცხვირი გაუტეხა, მე კი ამ ეპიზოდზე ძალიან ბევრი ვიტირე, რადგან ენრიკე ჩემი იდეალი იყო. 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე საფრანგეთთან დავმარცხდით, რადგან დიდი გამოცდილება არ გვქონდა.
დარწმუნებული ვიყავი, 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე უფრო კარგად ვიასპარეზებდით. კარგ ფეხბურთს ვთამაშობდით, მაგრამ ვერაფერს ვიგებდით. 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე მეოთხედფინალში გავედით და ჟურნალისტებმა უკვე დაიწყეს საუბარი, რომ ეს ჩვენი მაქსიმუმი იყო, რადგან ბოლო პერიოდში დიდ ტურნირებზე მაქსიმუმ ამ დონეზე გავდიოდით.
საბედნიეროდ, იტალია პენალტების სერიაში დავამარცხეთ და შემდეგ ეტაპზე გავედით. ძალიან ბედნიერები ვიყავით, რადგან ისტორია გადავწერეთ. ტიტულის მოგებამ ჩვენი მენტალიტეტი ძალიან შეცვალა და 2010 წელს უფრო თავდაჯერებულები ვიყავით. ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ვითვლებოდით, მაგრამ პირველ შეხვედრაში დავმარცხდით.
1:0 მარცხი შვეიცარიასთან სახეში სილის გაწნას ჰგავდა. ხალხი ამბობდა, რომ ძალიან ბევრ პასს ვაკეთებდით, თუმცა ჩემი აზრით, ეს ჩვენი ერთ–ერთი საუკეთესო მატჩი იყო. შეხვედრის შემდეგ მივხვდით, რომ შეცდომების დაშვება აღარ შეიძლებოდა, ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტ დაპირისპირებაში კი ჩვენი მეტოქე ჩილე იყო.
მახსოვს მომენტი, როდესაც მეკარე გამოსული იყო და 45 მეტრიდან დავარტყი მარცხენა ფეხით. თამაშის შემდეგ ვიდეო ვნახე და გავიფიქრე, რომ მარჯვენა ფეხით, რომ დამერტყა, გაცილებით უკეთესი შანსი მექნებოდა. ამის მიუხედავად, ბურთი კარში მაინც შევარდა.
პლეი-ოფში სხვა გუნდების თამაშებს თვალს აღარც ვადევნებდით ისეთი თავდაჯერებულები ვიყავით და არც კი ვიცი რატომ. დარწმუნებული ვიყავი, ფინალში მოვიგებდით, მაგრამ ეს პენალტების სერიაში მოხდებოდა. ჩვენი მეკარეების მწვრთნელი ამისთვის ემზადებოდა, მაგრამ ანდრეას ინიესტამ გოლი გაიტანა და ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონები გავხდით.
ანდრეასის გატანილი გოლი ჩემი ცხოვრების უბედნიერესი მომენტია, ჩვენ მივაღწიეთ იმას, რაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას არასდროს გამოეცადა. ესპანეთში ჩასვლამდე ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებდით თუ რას მივაღიწეთ.
როდესაც მადრიდში ჩავედით, ეს კიდევ ერთხელ თასის მოგებას უდრიდა. 2018 წელს პირველი მსოფლიო თასი იქნება, სადაც არ ვითამაშებ, მაგრამ მადლობა ღმერთს, ასეთი მოკრძალებული წარმოშობის ბიჭს, ამის შესაძლებლობა სამჯერ მომეცა.
ეს ყველაფერი მამაჩემის დამსახურებაა. მეშინია იმ დღის, როდესაც კარიერას დავასრულებ. ვცდილობ, ეს რაც შეიძლება გვიან მოხდეს და ამიტომ ბევრს ვვარჯიშობ. მარტო ნიჭით წარმატებული ვერასდროს გახდები და ამისთვის დიდი შრომა არის საჭირო. ეს ყველაფერი მამაჩემმა მასწავლა...скачать dle 12.1

მსგავსი სიახლეები

Ваше имя: *
Ваш e-mail: *
Код: Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив
Введите код:
Наверх